28-05-2018

გაეროში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე გაეროს საფოსტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული შოთა რუსთაველის საიუბილეო მარკის პრეზენტაცია გაიმართა. საფოსტო მარკები შოთა რუსთაველის დაბადების 850-ე წლის იუბილეს მიეძღვნა.

გაეროში დამკვიდრებული პრაქტიკით, საზეიმო თარიღები აღინიშნება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემით, რომლის თემატიკა ეფუძნება ქვეყნების ეროვნულ-კულტურულ მახასიათებლებს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო გამოსცემს სპეციალურ საფოსტო მარკას საქართველოს თემატიკაზე, რაც საქართველოსა და მისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, ასევე რუსთაველის გენიის და მსოფლიო ცივილიზაციის საგანძურში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილის კიდევ ერთი დიდი აღიარებაა.

მარკების თემატიკის და დიზაინის შესამუშავებლად ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა გაეროსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენელობასა და ეკონომიკის სამინისტროს შორის. მის შემუშავებაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლები.